მეხსიერება – როგორ გავუმკლავდეთ გულმავიწყობას

„ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება“… – ეს ფრაზა, ალბათ, ხშირად გსმენიათ თქვენი ახლობლებისა და ნაცნობებისაგან. საინტერესოა, რა ხდება, რატომ გვავიწყდება ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები, ადამიანთა სახელები, რაღაც უმნიშვნელო ფაქტები კი ზედმიწევნით კარგად გვახსოვს? მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ამ ფენომენის ახსნას და თავიანთ მოსაზრებებს გვთავაზობენ.

ფსიქოლოგების აზრით, გულმავიწყობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. თანამედროვე ადამიანი ძალიან არის დატვირთული ინფორმაციით, ამიტომ ხშირად არ ვენდობით საკუთარ მეხსიერებას და უბის წიგნაკში (ან ტელეფონში) ვინიშნავთ ჩვენთვის საჭირო ცნობებს, მისამართებს, დაბადების თარიღებს და ა. შ. ტელეფონის ნომრების დამახსოვრებით ხომ აღარავინ იწუხებს თავს – არანაირ ძალისხმევას არ ვიჩენთ იმისთვის, რაღაც მაინც დავიმახსოვროთ.

იმისათვის, რომ რაღაც დავიანგარიშოთ, არაჩვეულებრივი ხელსაწყო არსებობს – გამომთვლელი მანქანა, ე. წ. „კალკულატორი“ და რა საჭიროა ზედმეტი ტვინის ჭყლეტა? გამრავლების ტაბულა თუ მაინც გახსოვთ, ესეც საქმეა.

ერთი სიტყვით,  ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თუ შეამჩნიეთ, რომ გულმავიწყობა დაგჩემდათ, შეეცადეთ, როგორმე კონცენტრირება მოახერხოთ. მეხსიერება – ეს არის ყურადღება აღმატებულ ხარისხში. გულმავიწყობასთან ბრძოლა არც ისე ძნელია. მთავარია, იფიქროთ იმაზე, რასაც იმ მომენტში აკეთებთ. თუ თქვენს მოქმედებებს კომენტარებსაც დაურთავთ, თანაც ხმამაღლა, ასე ყველაფერს ადვილად დაიმახსოვრებთ და დავიწყების ალბათობაც შემცირდება.

ავიღოთ, თუნდაც, ადამიანის სახელი. რატომ გავიწყდებათ იმ ადამიანის სახელი, რომელიც სულ ახლახან გაიცანით? საქმე ისაა, რომ იმ მომენტში, როცა იგი თავის სახელს გეუბნებოდათ, თქვენ საკუთარი თავის წარდგენაზე უფრო ფიქრობდით და საკუთარმა სახელმა ამოაგდო თქვენი შემეცნებიდან მისი სახელი, მაგრამ, თუ იმ წუთსვე გაიმეორებთ ახლად გაცნობილი ადამიანის სახელს, გარწმუნებთ, მის გასახსენებლად ბევრი ფიქრი არ დაგჭირდებათ.

წარსული ცნობიერება

ძველბერძენ გენიოსს, ფილოსოფოს პლატონს მიაჩნდა, რომ ადამიანის სული იხსენებს მხოლოდ იმას, რაც ყოველთვის იცოდა თავის კოსმიურ სიცოცხლეში და მერე მასაც დაავიწყდა, რაც სხეულში ჩასახლდა.

მართლაც, ადამიანი არ არის მარტო იმ გამოცდილების მატარებელი, რომელსაც სიცოცხლის მანძილზე აგროვებს. არის რაღაც ისეთიც, რაც თავიდანვე გვქონდა. ზოგჯერ მემკვიდრეობით ვიღებთ ჩვენი შორეული წინაპრების სახის ნაკვთებს, მიმიკებს, ჟესტებს, თუმცა ისინი არასოდეს გვინახავს. ასეთი მსგავსებები გენებით გადმოგვეცემა და მას გენეტიკური ანუ ხედვითი მეხსიერება ეწოდება. ეს დნმ-ის იმ მოლეკულებშია ჩაწერილი, რომლებიც მთელ ინფორმაციას ინახავენ ჩვენზე.

დნმ-ის მოლეკულა – ინფორმაციის „საცავი“

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი რეგულარულად ხედავს საკუთარ თავს სიზმარში, ოღონდ სულ სხვა სიტუაციებში – ის ხან უძველესი დროის რაინდია, ხან სხვა ეროვნების წარმომადგენელი და ა. შ.

ამერიკელმა მკვლევარმა ჯორჯ კაინგმა გააანალიზა მახსოვრობის ასეთი უცნაური „აფეთქებები“ და დაასკვნა, რომ მსგავსი შემთხვევების თითქმის 90 პროცენტი წინაპართა მეხსიერებას უკავშირდება, რომელიც ქვეცნობიერშია ჩაწერილი.

ალბათ გსმენიათ ისეთი უცნაური შემთხვევების შესახებაც, როდესაც ადამიანი ძლიერი ტრავმის გადატანის შემდეგ ისეთ ენაზე იწყებს საუბარს, რომელიც არასოდეს უსწავლია. გაირკვა, რომ ისინი მას რეგულარულად ისმენდნენ სხვადასხვა სიტუაციაში, მაგრამ ვერ აცნობიერებდნენ. მეცნიერები თვლიან, რომ ეს არის უნებლიე მახსოვრობის ტიპური შემთხვევა.

 ***

ყველაზე ნათელ ვიზუალურ შთაბეჭდილებებს ყოველთვის ვინახავთ მეხსიერებაში და ზოგჯერ აღმატებულადაც კი წარმოვაჩენთ ცალკეულ დეტალებს. ძლიერი განცდები ადამიანის მეხსიერებაში დაკავშირებულია იმასთან, რაც ამ განცდას წინ უძღოდა – იქნება ეს რაიმე მოვლენა, საგანი, სუნი თუ თუნდაც ხმა. ამასთანავე, ცნობიერება ისეა მოწყობილი, რომ არასასიამოვნო მოგონებები თანდათან გვავიწყდება, სასიამოვნო კი საკმაოდ დიდხანს გვახსოვს. ამიტომაც არის, რომ ადამიანებს წარსულის იდეალიზაცია ახასიათებთ – ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია.

„როცა წარსულიდან უკვე აღარაფერი რჩება, როცა ცოცხალი არსებები გარდაიცვალნენ, ნივთები განადგურდა, რჩება მხოლოდ სურნელი და გემო, უფრო ნაზი, მაგრამ უფრო ცოცხალი და მდგრადი, ვიდრე საგნები, რომლებიც გარდაცვლილთა სულების ნაცვლად გვახსენებენ საკუთარ თავს“, – ასე აღწერა თავისი შეგრძნება ცნობილმა ფრანგმა მწერალმა მარსელ პრუსტმა, რომელსაც ამ შეგრძნებას ბავშვობაში საყვარელი ბისკვიტი აღუძრავდა.

„შატერსტოკის“ ფოტო

 

ფენომენალური მახსოვრობა

ფენომენალური მახსოვრობის მქონე ადამიანების უამრავი მაგალითი არსებობს, რაც აშკარად ადასტურებს, რომ ადამიანის ტვინს უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია. ალბათ საკმარისია გავიხსენოთ იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი… – მათ ზეპირად იცოდნენ თითოეული მეომრის სახელი თავიანთი მრავალათასიანი ლეგიონებიდან. ციცერონი ზეპირად წარმოთქვამდა უზარმაზარ ტექსტებს. მისი უნიკალური მეხსიერება ასოციაციური იყო. ტექსტის დამახსოვრებისას იგი ერთი ოთახიდან მეორეში გადადიოდა, ამგვარად, თითოეული ოთახი ტექსტის გარკვეულ ნაწილთან ასოცირდებოდა. სენატში გამოსვლისას ციცერონი აზრობრივად იმეორებდა ამ „მარშრუტს“.

ცნობილ რუს ნეიროფსიქოლოგს, აკადემიკოს ალექსანდრ ლურიას უცნაური პაციენტი ჰყავდა -პროფესიით ჟურნალისტი შერეშევსკი. ამ უკანასკნელს არაფრის დავიწყება არ შეეძლო. იგი აკადემიკოსთან რედაქციიდან გაგზავნეს. გაზეთის რედაქტორმა შენიშვნა მისცა ჟურნალისტს იმის გამო, რომ არაფერს იწერდა. „რაც საჭიროა, ყველაფერი მახსოვს“, – უპასუხა ჟურნალისტმა. მის მეხსიერებას საზღვარი არ ჰქონდა. დღემდე გაურკვეველია, როგორ ახერხებდა იგი ყველაფრის ზედმიწევნით ზუსტად დამახსოვრებას.

1991 წელს ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა მახსოვრობაში. მონაწილეებს ათასობით ფურცელი დაურიგეს, რომლებზეც სხვადასხვა ციფრი იყო აღბეჭდილი. ერთი საათის შემდეგ ეს ფურცლები აკრიფეს და დაიწყეს კონკურსანტთა მეხსიერების შემოწმება. ცნობილმა ბრიტანელმა მნემონისტმა და მეხსიერების შესახებ წიგნების ავტორმა დომინიკ ო’ბრაიენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან 1392  ფურცელზე დაწერილი ციფრების თანმიმდევრობა დაიმახსოვრა. ბრაიენი მეხსიერების მსოფლიო ჩემპიონატების 8-გზის გამარჯვებულია. 2002 წელს იგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს იმის გამო, რომ 2808 ბანქოს ქაღალდის (იგივე კარტი, 54 შეკვრა) შემთხვევითი თანმიმდევრობა აღიდგინა მეხსიერებაში მას შემდეგ, რაც თითოეული კარტი მხოლოდ ერთხელ ნახა. საინტერესოა დამახსოვრების მისეული მეთოდები, რომლებიც აღწერილია მისივე წიგნებში: „როგორ შევქმნათ სრულყოფილი მეხსიერება“, „კვანტური მეხსეიერება“, „ვისწავლოთ დამახსოვრება“, „საოცარი მახსოვრობა“ და ა. შ.

რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად

დღეს ადამიანები ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ ვარჯიშს. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინიც ჩვენი სხეულის ნაწილია და ვარჯიში მასაც სჭირდება, რათა დროთა განმავლობაში თავისი შესაძლებლობები არ დაკარგოს. საბედნიეროდ, რაც კარგია სხეულისთვის, კარგია ტვინისთვისაც: ცხოვრების ჯანსაღი წესი, კარგი კვება, მშვიდი, სრულფასოვანი ძილი, მისწრაფება ყველაფერი ახლის შესწავლისაკენ. სხვათა შორის, აქტიურ და ცნობისმოყვარე ადამიანებს სკლეროზი ნაკლებად ემართებათ.

მეხსიერების შესანარჩუნებლად საუკეთესოა:

  • ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიშები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და, შესაბამისად, ტვინის სრულფასოვან მუშაობას;

  • მიიღეთ ვიტამინები;

  • დაითვალეთ გონებაში, შეეცადეთ დაიმახსოვროთ ზეპირად ტელეფონის ნომრები, დაბადების დღეები, სხვა ყოველდღიური თქვენთვის საჭირო ინფორმაცია; ისწავლეთ ენები, შეავსეთ ტესტები, ეცადეთ, აღიდგინოთ ვიზუალური ინფორმაცია…

  • ნუ მოწევთ სიგარეტს – მწეველები გაცილებით მეტად იტანჯებიან სუსტი მეხსიერებით;

  • მეხსიერების მთავარი მტერი სტრესი და გადაღლილობაა. ნუ მიიღებთ ძლიერ დამამშვიდებელ წამლებს, ბალახების ნაყენიც საკმარისი იქნება;

  • შეეცადეთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი პირადი ურთიერთობები ნებისმიერი ფაქტის თუ მოვლენის მიმართ, რომელიც გაინტერესებთ და გარწმუნებთ, ყველაფერს უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ და კარგ მეხსიერებასაც დიდხანს შეინარჩუნებთ.

თამთა გურული

 

კომენტარები