როგორ მივიღოთ უმაღლესი განათლება საბერძნეთში უფასოდ და მოვიპოვოთ ბინადრობის უფლება

არანაირი გამოცდა და გადასახადი, მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატის საფუძველზე შეგიძლიათ ჩააბაროთ საბერძნეთის უმაღლეს სასწავლებელში და სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველზე მოითხოვოთ ბინადრობის უფლება (თუ არალეგალი ხართ), რომელსაც ადვილად მიიღებთ.

ბევრმა არ იცის, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს უცხოელებს, მიიღონ უმაღლესი განათლება ქვეყნის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად უფასოდ და მისაღები გამოცდების გარეშე. უფრო მეტიც, სტუდენტის სტატუსის მოპოვება ამ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მიღების საფუძველს წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა ყველას შეუძლია: ლეგალურ და არალეგალურ ემიგრანტებს, ასევე, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც საბერძნეთში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ.

აღნიშნული შესაძლებლობა ალბათ ყველაზე მეტად ქვეყანაში მცხოვრებმა არალეგალებმა უნდა გამოიყენონ. ასევე, თუკი თქვენი შვილი ახლა ამთავრებს სკოლას საქართველოში, ან ცოტა ხნის წინ დაამთავრა, შეგიძლიათ საბერძნეთში სწავლის გაგრძელების მიზნით ჩამოიყვანოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწავლა სრულიად უფასოა.

ცხადია, არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც კანდიდატს მოუწევს. კერძოდ, კანდიდატი არ უნდა იყოს საბერძნეთის მოქალაქე, არ უნდა იყოს ბერძნული წარმოშობის და საშუალო განათლება მიღებული არ უნდა ჰქონდეს საბერძნეთში, ან უცხოეთში არსებულ საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ სასწავლებელში. კანდიდატმა უნდა შეაგროვოს გარკვეული სახის დოკუმენტები და აიღოს ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2. აქვე შევნიშნავთ, რომ ზოგიერთ სპეციალობაზე მოსახვედრად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნაც, თუმცა ასეთი სპეციალობების რიცხვი მცირეა.

ბერძნული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები ყოველი წლის მაისში ტარდება. ათენში საგამოცდო ცენტრი მდებარეობს ბერძნულ-ამერიკული კავშირის შენობაში, მასალიას 22 ნომერში. ანალოგიური ცენტრი მდებარეობს თბილისშიც ანუ გამოცდის ჩაბარება საქართველოშიც არის შესაძლებელი.

საბუთების ჩამონათვალი, რომელთა შეგროვებაც დაგჭირდებათ:

  1. სასკოლო ატესტატი;
  2. ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ატესტატი უფლებას განიჭებთ, სწავლა გააგრძელოთ უმაღლეს სასწავლებელში;
  3. ცნობა იმის თაობაზე, რომ სკოლა, რომელიც დაამთავრეთ, ფუნქციონირებს საქართველოს სახელმწიფო სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  4. ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ სრულად გაიარეთ საშუალო სკოლის ბოლო ორი წლის სასწავლო კურსი ანუ არ სწავლობდით დაუსწრებლად;
  5. ცნობა თქვენი და თქვენი მშობლების ეროვნების შესახებ (აქ იგულისხმება, რომ არც ერთი თქვენგანი არ უნდა იყოს ბერძნული წარმოშობის);
  6. ცნობა, რომელშიც მითითებულია თქვენი მოქალაქეობა.

განაცხადის გაკეთებისას ასევე დაგჭირდებათ ორი ფოტოსურათი და პასპორტის ასლი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ დოკუმენტს: თქვენი ატესტატის „ნიშნების ფურცელი“ უნდა მიიტანოთ საბერძნეთის განათლების სამინისტროში, სადაც თქვენს საშუალო ნიშანს გამოიყვანენ და 20-ბალიან სისტემაში გადაიყვანენ. რამდენადაც მისაღები გამოცდები არ ტარდება, სწორედ ეს ნიშანი მიიღება მხედველობაში ჩარიცხვის დროს.

ყოველი წლის ივლისის დასაწყისში საბერძნეთის განათლების სამინისტრო თავის საიტზე ხსნის სისტემას, რომელიც თქვენი განაცხადის დარეგისტრირების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ივნისის ბოლოს ყველა საბუთი მზად უნდა გქონდეთ. ელექტრონული განაცხადის გაკეთებისას პრიორიტეტის მიხედვით მიუთითებთ იმ უნივერსიტეტებსა და სპეციალობებს, სადაც მოხვედრა გსურთ. ჩაირიცხებით იმ სპეციალობაზე, რომელზე მოსახვედრადაც საკმარისი ქულები (იგულისხმება ატესტატის საშუალო ნიშანი) გაქვთ. შედეგებს სამინისტრო აგვისტოში შეგატყობინებთ, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა მიბრძანდეთ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტად უნდა დარეგისტრირდეთ. სტუდენტის სტატუსის მიღების შემდეგ მიმართავთ შესაბამის საიმიგრაციო სამსახურს ბინადრობის უფლების მიღების მიზნით (თუკი ასეთი საბუთი არ გაქვთ).

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ყველა საბუთი უნდა იყოს ლეგალიზებული (აპოსტილით დამტკიცებული) საქართველოში და ოფიციალურად თარგმნილი საბერძნეთის საგარეო სამინისტროს სათარჯიმნო ბიუროს მიერ. თუ საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მინდობილობა გაუფორმოთ თქვენს ახლობელს, რომელიც ამ საკითხებს მოგიგვარებთ (არც ისე რთული პროცედურებია).

ამ წერილში ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდეთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში „ბერძნული ენის სასერტიფიკაციო გამოცდები“.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები