2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის 18 მთავარი ტენდენცია

მოდის თავგადაკლული მიმდევარი შეიძლება არ იყოთ, მაგრამ ეს შთაგონებით, წარსულის ნოსტალგიით და ფერთა თამამი შეხამებებით სავსე ხასხასა კოლექციები უთუოდ დაგეხმარებათ, თქვენი სტილი უფრო დახვეწილი, შთამბეჭდავი და თვალისთვის სასიამოვნო გახადოთ. გთავაზობთ ცნობილი თუ ახალბედა, მაგრამ უკვე პოპულარული დიზაინერების საგაზაფხულო-საზაფხულო მოდელების 18 მთავარ ტენდენციას.

წითელი ტყავის ლაბადა

თუ წინა სეზონზე შავი ტყავის ლაბადა იყო ყველასთვის სასურველი, ახალ სეზონზე წითელი დაიპყრობს მოდის მიმდევართა გულს. უბრალოდ, შეგიძლიათ ჩაიცვათ სადა, მარტივ, ერთი ფერის სამოსზე, როგორიცაა: შავი მოკლე ქვედაბოლო, როლინგი ან შარვალი, თუმცა უფრო გაბედულებს შეუძლიათ ლაბადა კაბასავით მოირგონ.

Joseph, Givenchy, Calvin Klein, Helmut Lang

 უცნაური ლაბადა

და კიდევ: მოდაშია ლაბადის უცნაური ეგზემპლარები: ლაბადა-კარავი, როგორც  Céline-თან, ორი სახის ქსოვილისგან შეკერილი და უკუღმა გადმობრუნებული; ჯინსის ქსოვილთან შეჯვარებული, როგორც  Balenciaga-სთან, ან ფარჩის კაბასთან დაწყვილებული, როგორც Alexander McQueen-თან.

Céline, Balenciaga, Alexander McQueen

 ფოჩები

ფოჩები ამ სეზონზეც მოდაშია, მაგრამ მომავალ სეზონზე კიდევ უფრო იპყრობს პოდიუმს: რამდენიმე ფენა გრძელფოჩებიანი სამოსი გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.

Jil Sander, Céline, Monse, Calvin Klein

ვარდისფრის და ნარინჯისფრის დუეტი

თვალისთვის უჩვეულო ფერთა შეხამება დიდ ყურადღებას იპყრობს. მომავალ სეზონზე თვალს მოგვჭრის ვარდისფრის და ნარინჯისფრის შეხამება, რაც სულაც არ გამოიყურება ურიგოდ, პირიქით…

Marco De Vincenzo, Gucci, Sies Marjan, Roksanda

ლიფი ზონრებით

ლიფი რომ არ უნდა დამალო და პირიქით, უნდა გამოაჩინო, დიდი ხანია გავიგეთ. მომავალ სეზონზე დიზაინერები გვირჩევენ, ლიფით მოვიწონოთ თავი – ჩვეულებრივით კი არა, ზონრიანით, რომელიც შეგიძლიათ წელზე შემოიხვიოთ. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევისთვის სხეულიც შესაფერისი უნდა გვქონდეს, რომ თოკშემოჭერილ ცნობილ დელიკატესს არ დავემგვანოთ. 🙂

Zadig & Voltaire, Helmut Lang, Veronique Leroy, Saint Laurent

მტაცებლის პრინტი

დიზაინერები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ უარს ხელოვნურ ბეწვზე, მაგრამ არა ცხოველურ პრინტზე. აი ისიც, 80-იანი წლების ნოსტალგია. „ვნადირობთ“ ზებრაზე, ლეოპარდზე, ვეფხვზე…

Dior, Gucci, Versace, Balenciaga

ფანტასტიკური პლასტიკი

კიდევ ერთი „ბუნების დამცველი“ ტენდენციაა პლასტიკი – გადამუშავებული, რა თქმა უნდა. სინთეტიკური ქსოვილები ბუნებრივის ადგილს იკავებს ისეთი ცნობილი დიზაინერების კოლექციებშიც, როგორებიც არიან: „შანელი“, „ბალმეინი“ და „ვალენტინო“.

Balmain, Chanel, Valentino

მარია ანტუანეტა

პრინცესად ყოფნის სურვილი ყველა გოგონაში ცოცხლობს, ამიტომ არცერთი სეზონი არ ჩაივლის ფურფუშების გარეშე. ამჯერად კი ტენდენცია ნამდვილად დედოფლურია, რასაც თავადაც ხედავთ ფოტოზე.

Alexander McQueen, Marques Almeida, Rodarte, Preen by Thornton Bregazzi

ვარდისფერი

ვარდისფერმა მთელი სეზონი დაისვენა და ისევ ფურორით დაბრუნდა.  მოდაშია „ფიცხი“ ფუქსია და ნაზი ვარდისფერი. ამ ფერის სამოსში თავს მართლაც ყვავილივით წარმტაცად იგრძნობთ.

Tom Ford, MSGM, Stella McCartney, Marc Jacobs

აბრეშუმი და ატლასი

ეს ქსოვილები სხეულის მიმართ ყველაზე „არაკეთილგანწყობილები“ არიან (ყველა ხარვეზს აჩენენ), მაგრამ როგორ ლამაზად ლივლივებენ?! ასეთი კაბების გულისთვის სპორტდარბაზში ზედმეტად ვერჯიშსაც არ დაიზარებთ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. დიზაინერები ამ ქსოვილების დრაპირებას გვირჩევენ.

John Galliano, No.21, Peter Pilotto, Sportmax

პოპარტი

ხელოვნება და მოდა განუყრელები არიან, ბოლოხანს – განსაკუთრებით. „მიუჩა პრადამ“ ისევ კომიქსებს მიმართა, რეი კავაკუბომ – საბავშვო სათამაშოებს ტაკასი მურაკამის სტილში, დონატელა ვერსაჩემ კი – მერილინ მონროს უორჰოლისეულ პორტრეტებს.

Prada, Comme des Garçons, Versace

 სპორტი

მომავალ სეზონზე მოდური სპორტი 3 კატეგორიად იყოფა: სირბილი (სპორტული კოსტიუმი), მოტოსპორტი (ტყავის კომბინეზონი) და სერფინგი (საცურაო და ჰიდროკოსტიუმები ან მათზე მინიშნებები).

Isabel Marant, Gucci, Fenty x Puma

„მოხარშული“ ჯინსები

გაზაფხულზე მოგვიწევს ჯინსების „მოხარშვის“ დავიწყებული ტექნიკის გახსენება. ეს უკვე ნამდვილად 80-იანი წლებია. წარსული დროის ნოსტალგიამ სტელა მაკარტნის, „ბალენსიაგას“ და „ჟივანშის“ „შემოუტია“.

Stella McCartney, Balenciaga, Givenchy

მწვანე ნეონი

მწვანე რომ გაზაფხულის სეზონის მთავარი ფერი იქნებოდა, თავიდანვე გამოჩნდა, მილანისა და პარიზის ჩვენებებზე კი მან ნეონის ელფერი შეიძინა – თვალისმომჭრელი. გაითვალისწინეთ, რომ ეს „რთული“ ფერია და ყველას არ უხდება, მაგრამ თუ მოიხდენთ, ნამდვილ ფურორს მოახდენთ.

Balenciaga, Veronique Leroy, Gucci

ბუმბულები

Saint Laurent-ის, Nina Ricci-სა და Proenza Schouler-ის ჩვენებებზე გედების და სირაქლემების „მონათესავე“ საოცარი არსებები გამოჩნდნენ. ეს დიდებული სამოსი საღამოს წვეულებებისათვის შემოინახეთ, ცხადია, საქმიან შეხვედრებზე არ გამოგადგებათ. 🙂

Saint Laurent, Nina Ricci, Proenza Schouler

გლიტერი

ყველაზე სადღესასწაულო გლიტერია. მარტო შეხედვაც კი საზეიმო განწყობაზე გაყენებს. დისკოს ბურთივით ბრწყინვას გვთავაზობენ Dolce & Gabbana, Gucci და Marc Jacobs-ი. კაცმა რომ თქვას, რატომაც არ უნდა დაჩრდილო ყველა წვეულებაზე?!

Dolce & Gabbana, Gucci, Marc Jacobs

ჩანთა წელზე

წელზე „შემოსკუპული“ ჩანთა უკვე რამდენიმე სეზონია უცვლელად მოდაშია. საწინააღმდეგო რა გვაქვს?! პირიქით, ძალიანაც კომფორტულია.

Balenciaga, Sportmax, Gucci, Valentino

ნაოჭასხმული სამოსი

ქსოვილში გაყრილი ზონრები და რეზინები მოდის მიმდევართა საუკეთესო მეგობრები არიან. თამამად მოიჭირეთ და შეიკარით, შიში ნუ გექნებათ, რომ ნაკეცების სიმრავლე ასუქებს. ეს მხოლოდ ჭორებია.

Céline, Stella McCartney, A Detacher, Ellery

„ვოგის“ მიხედვით

კომენტარები